Loading data...
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გამანადგურებელი თვითმფრინავები. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა შტეფან რადუ ოპრეამ განაცხადა, რომ 14 ნოემბერს განხორციელებულ ავიაიერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია და გემების ეკიპაჟებმა ბორტზე გაჩენილი ხანძრების ლოკალიზება შეძლეს.

ოპრეამ აღნიშნა, რომ დარტყმა განხორციელდა საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობისა და ქიმიური ტვირთების ტანკერ Evia Petrol V-ზე, ასევე, სენტ-კიტსი და ნევისის დროშის ქვეშ მცურავ მშრალი ტვირთის გემ Marsol-სა და ნავთობპროდუქტების ტანკერ Ali Najafov-ზე.

მისივე თქმით, 13 ნოემბერს კიდევ ერთ, ზოგადი დანიშნულების სატვირთო გემს დრონი დაეჯახა. ამ შემთხვევაშიც მსხვერპლი არ ყოფილა. კერძო ტელეარხ Digi24-ის ცნობით, საუბარია პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, სახელწოდებით „Larissa 1“.

რუმინეთის ოფიციალურმა პირებმა დრონების წარმომავლობა არ დაასახელეს, თუმცა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინაში რუსეთის ომის პირდაპირი შედეგი იყო.

„ეს ინციდენტები მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. ისინი ასახავს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუარესებას, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით არის გამოწვეული“, - განაცხადა ნიკულესკუმ.

„სამშაბათსა და ოთხშაბათს ბრიუსელში ვიქნები, სადაც ჩემს კოლეგა (თავდაცვის) მინისტრებს შევხვდები. ჩვენ გვჭირდება მოკავშირეების სოლიდარობა, რაც გამოიხატება სადაზვერვო თვითმფრინავებით პატრულირებასა და დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობით უზრუნველყოფაში“, - განაცხადა ოპრეამ.

საფრანგეთმა დროებით გადაიყვანა Atlantique 2 ტიპის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი რუმინეთში მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა დამატებითი ძალების გაგზავნა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ სულინას არხი რუმინეთის მნიშვნელოვანი სანაოსნო გზაა, რომელიც მდინარე დუნაის შავ ზღვასთან აკავშირებს და რომელსაც უკრაინა ექსპორტისთვის იყენებს.