Loading data...
რუმინელების თითქმის ნახევარი მზადაა დაიცვას საკუთარი ქვეყანა ომის შემთხვევაში

რუმინელების 48% მზადაა დაიცვას საკუთარი ქვეყანა ომის შემთხვევაში, ხოლო დაახლოებით 19% მზადაა გაიქცეს ქვეყნიდან თუ ომი დაიწყება, - ამას მოწმობს INSCOP-ის კვლევის შედეგები.

როდესაც მოსახლეობას ჰკითხეს, დაიცავდნენ თუ არა ქვეყანას მტრის თავდასხმის შემთხვევაში, 48%-მა უპასუხა, რომ დაიცავდნენ ქვეყანას. ეს თითქმის იგივე პროცენტული მაჩვენებელია, რაც 2023 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის დროს (50%).

19.4%-მა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანას დატოვებდნენ, ხოლო 11.8%-მა თქვა, რომ „ომის დასრულებამდე დაიმალებოდნენ“. ეს მაჩვენებლები ბოლო ორი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა.

გამოკითხვამ, ასევე, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი რუსეთს აქვს, თუმცა, ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად რუსეთმა აგრესია უნდა შეწყვიტოს და უკან დაიხიოს და არა უკრაინა დათმობებზე წავიდეს.