Loading data...
რუბიომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის „ერთადერთი“ გზა დაასახელა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დათმობებზე უნდა წავიდნენ, - ამის შესახებ მან NBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასადებად, თითოეულმა მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს.

„შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზაა, რომ თითოეულმა მხარემ რაღაც მიიღოს და თითოეულმა მხარემ რაღაც დათმოს - და ეს ძალიან რთულია. მარტივი რომ ყოფილიყო, ეს 3.5 წელი არ გაგრძელდებოდა... სწორედ ამიტომ მოდის ზელენსკი ხვალ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ამავდროულად, რუბიომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინისთვის მომავალში უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად, ამიტომ რუსეთმა უნდა გაიგოს კიევის ეს მოთხოვნა.

მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საკუთარ თავს უკრაინაში კონფლიქტის მხარედ არ აღიარებს.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების საუკეთესო შედეგი შეერთებული შტატებისთვის სრულფასოვანი სამშვიდობო ხელშეკრულება იქნებოდა და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტა.