Loading data...
რუბიომ პირად საუბრებში განაცხადა, რომ ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატობისთვის ფავორიტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პირად საუბრებში განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის ფავორიტია. ამის შესახებ Politico ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ორ პირზე დაყრდნობით წერს. 

გარდა ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუბიომ განაცხადა, რომ მზადაა, მხარი დაუჭიროს ვენსს, თუ ის კენჭისყრას გადაწყვეტს.

„მარკომ ნათლად განაცხადა, რომ ჯეი დი იქნება რესპუბლიკელი კანდიდატი, თუ მას სურს. ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მხარი დაუჭიროს ვიცე-პრეზიდენტს ამ მცდელობაში“, - განაცხადა რუბიოსთან დაახლოებულმა წყარომ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუბიოს პირადი კომენტარები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ემზადება ზოგიერთი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შემდეგ მემკვიდრეობისთვის ბრძოლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლები დრო გავიდა.

ტრამპმა არაერთხელ დაასახელა ვენსი და რუბიო თავის ორ ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ. ორივე ამტკიცებს, რომ ისინი კარგი მეგობრები არიან და მათ შორის არანაირი მეტოქეობა არ არსებობს.

„არავინ ელის, რომ მარკო მთავრობიდან გადადგება და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის კრიტიკას დაიწყებს“, - განაცხადა სხვა წყარომ.

თეთრ სახლთან დაახლოებულმა მესამე პირმა განაცხადა, რომ „მოლოდინია, რომ ჯ.დ. იქნება [ნომინანტი], ხოლო რუბიო - ვიცე-პრეზიდენტი“.

Politico-ს გამოკითხვის თანახმად, ვენსი აშკარა ფავორიტია მათ შორის, ვინც 2024 წელს ტრამპს მისცა ხმა. გამოკითხულთა 35%-მა განაცხადა, რომ ის არის ადამიანი, რომლის კანდიდატის რანგში ხილვაც ყველაზე მეტად სურთ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაშინ, როცა მხოლოდ 2%-მა დაასახელა რუბიო. კიდევ 60%-მა განაცხადა, რომ არ იცის, ვის ხილვა სურს კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ან არავის ხილვა სურს, ხოლო 28%-მა ტრამპი დაასახელა.