Loading data...
რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლზე, თუ სამშვიდობო პროცესში პროგრესი არ იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის როლზე“, თუ მათ შორის მშვიდობის მიღწევის კუთხით პროგრესი არ იქნება. რუბიოს ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო.

რუბიოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დადგა დრო, როდესაც ორივე მხარემ“, უკრაინამ და რუსეთმა, „უნდა წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით“.

„როგორ ვიმოქმედოთ შემდგომში, გადაწყვეტილება ახლა პრეზიდენტს [ტრამპს] ეკუთვნის. თუ პროგრესი არ იქნება მიღწეული, ჩვენ ამ პროცესში შუამავლების როლზე უარს ვიტყვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უარი თქვა ვადების დაკონკრეტებაზე, თუმცა დასძინა, რომ ეს რუბიოს „ძალიან მკაფიო განცხადება“ იყო.