Loading data...
რუბიომ განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების „კარგი პერსპექტივები“ არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დანიასთან და გრენლანდიასთან კუნძულის „კოლექტიური თავდაცვისთვის“ გამოყენების შესახებ მოლაპარაკებები „სწორი მიმართულებით მიდის“. ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა, წერს Reuters-ი. 

მოსმენის დროს დელავერის შტატის კონგრესმენმა რუბიოს ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ „გრენლანდია სინამდვილეში დანიის ნაწილია“.

„ჯერჯერობით“, - უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს გრენლანდიასთან და დანიასთან „გრენლანდიის კოლექტიური თავდაცვისთვის გამოყენების შესახებ“.

„ეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძირითადი ნაწილია, თუმცა ამჟამად ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. ვფიქრობ, ამ მხრივ ახლა კარგი პერსპექტივები გვაქვს“, - განაცხადა მან. 

რუბიომ აღნიშნა, რომ დანიასთან და გრენლანდიასთან მოლაპარაკებები ყოველთვიურად იმართება.

„ვფიქრობ, გარკვეულ მომენტში ამასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი ამბები გვექნება“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ამასთან, რუბიომ განაცხადა, რომ ის ეთანხმება ტრამპს, რომ გრენლანდიაში აშშ-ის ძალების განლაგების შესახებ შეთანხმებები არასაკმარისია და უფრო ადვილი იქნება ტერიტორიის ფლობა მის დასაცავად.