Loading data...
რუბიო ვენესუელაზე: ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ძალა მაქსიმალური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, თუ სხვა მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, გამოიყენოს ძალა ვენესუელასთან მაქსიმალური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით დროებითი ხელისუფლების მუშაობას, რადგან ისინი თანამშრომლობენ ჩვენს ეტაპობრივ გეგმასთან, რომელიც ვენესუელაში სტაბილურობის აღდგენას ისახავს მიზნად. არ შეცდეთ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ძალა მაქსიმალური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, თუ სხვა მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება“, - განაცხადა რუბიომ.

ამავდროულად, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვენესუელაში „კარგი და ღირსეული პროგრესია“ მიღწეული და დასძინა: „დღეს ვენესუელაში ნამდვილად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ოთხი კვირის წინ ვიყავით“.

რუბიომ ასევე განაცხადა, რომ მალე ვენესუელაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაძლიერდება და ნაბიჯები იდგმება კარაკასში აშშ-ის საელჩოს ხელახლა გასახსნელად, რომელიც 2019 წელს დაიხურა. მისი თქმით, ეს „საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს რეალური ინფორმაცია“ და გააძლიერებს აშშ-ის ჩართულობას როგორც ვენესუელის მთავრობასთან, ასევე ოპოზიციასთან.

რუბიომ ასევე აღწერა, თუ სად წავა ვენესუელური ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, რადგან ლათინური ამერიკის ქვეყანას მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მარაგი აქვს.

მისი თქმით, ვენესუელის ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხა აშშ-ის ხაზინის მიერ კონტროლირებულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. რუბიომ აღნიშნა, რომ ვენესუელის მთავრობა „ამ ფულს ვენესუელის ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯავს“.