Loading data...
რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა.

როგორც რუბიომ აღნიშნა, ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად, უკრაინისა და რუსეთის ტექნიკური სამხედრო ჯგუფები ხვდებიან ფორმატში, რომელშიც, ასევე, შედიან აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

„არ მინდა ვთქვა, რომ მოლაპარაკებები თავისთავად პროგრესს წარმოადგენს, მაგრამ კარგია, რომ კავშირები არსებობს. მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ ასეთი საკითხები ბევრ დელიკატურ საკითხს მოიცავს. ჩვენი მიზანია, ამ საქმის გადაწყვეტა. ჩვენ ამას ერთი წელი მივუძღვენით. ჩვენ გვჯერა, რომ რეალურ პროგრესს მივაღწიეთ“, - აღნიშნა მან.

რუბიოს თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული „გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა“.

„ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ დარჩენილი საკითხები ყველაზე რთულია. ამასობაში, ომი გრძელდება. ამიტომ, ამის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ მნიშვნელოვან დროსა და ენერგიას ვხარჯავთ. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რაც ჩვენს ძალებშია, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ“, - დასძინა მან.