რუბიო: შეერთებულმა შტატებმა უკეთ გაიგო რუსეთის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით

შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი კონსულტაციების შემდეგ უკრაინის მიმართ რუსეთის პოზიცია უკეთ გაიაზრა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ The Free Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე ვიტყოდი, რომ ჩავუღრმავდით რუსეთის პოზიციას. ახლა ეს უკეთესად გვესმის, როდესაც მათთან რეალურად ვისაუბრეთ სამი წლის დუმილის შემდეგ“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
სახელმწიფო მდივანი, ასევე, იმედს არ კარგავს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალში მოხერხდება, რადგან, მისი თქმით, „ეს არის საშინელი ომი და ის უნდა დასრულდეს, რადგან მისი სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ ჩვენი ხელისუფლების უმაღლეს დონეზე. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ვიდრე წინსვლის რეალისტური გზა არსებობს. თუ რაღაც მომენტში გადავწყვეტთ, რომ ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან და საკმარისად არ ვდგამთ ნაბიჯებს, შეიძლება სხვა პრიორიტეტებზე გადასვლა მოგვიწიოს, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება მსოფლიოში“, - აღნიშნა რუბიომ.
პოლიტიკოსის თქმით, ეს არ არის აშშ-ის ომი, მაგრამ ქვეყანა ცდილობს დაეხმაროს მის დასრულებას.
„ისინი შეიძლება ძალიან შორს იყვნენ ერთმანეთისგან, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ არა. ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი. მზად უნდა ვიყოთ - როგორც ვართ - ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ორი მხარე ერთმანეთს დაუახლოვდეს. იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ, მაგრამ საბოლოოდ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ სურთ დაახლოება და ჩვენ უნდა დავიწყოთ პროგრესის დანახვა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.