Loading data...
რუბიო: ღაზასთვის გეგმა B არ არსებობს, ტრამპის გეგმა ერთადერთია, ისრაელმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უარი განაცხადა იმის თქმაზე, რომ ისრაელს ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის განახლებისთვის აშშ-ის „ნებართვა“ დასჭირდება , თუ ჯგუფი მას კვლავ საფრთხეს შეუქმნის. თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას ფართო რეგიონული მხარდაჭერა აქვს და ის „საუკეთესო“ და „ერთადერთი გეგმაა“.

აშშ-ისრაელის ცეცხლის შეწყვეტის კოორდინაციის ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე რუბიოს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის დამოუკიდებლად განახლება, თუ დაჯგუფება გადაიარაღდება, ან გადაჯგუფდება.

„არა მგონია, რომ ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს ნებართვასთან, ან მსგავს რამესთან. ეს ძირითადად იმას უკავშირდება, რომ ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ, ეს გეგმა განვახორციელოთ. არ არსებობს გეგმა B. ეს საუკეთესო გეგმაა. ეს ერთადერთი გეგმაა. ვფიქრობთ, ეს ის გეგმაა, რომელსაც წარმატების მოტანა შეუძლია. ეს ის გეგმაა, რომელიც, გვჯერა, წარმატების გზაზე დაგვაყენებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. 

„ჰამასის“ განიარაღებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ კითხვაზე პასუხად რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თუ „ჰამასი“ დემილიტარიზაციაზე უარს იტყვის, ეს შეთანხმების დარღვევა იქნება და ეს უნდა აღსრულდეს. არ ვაპირებ იმ მექანიზმებზე დეტალურად საუბარს, რომლითაც ეს აღსრულდება, მაგრამ ის აუცილებლად უნდა აღსრულდეს“.

„ეს არის შეთანხმება და შეთანხმება პირობების შესრულებას მოითხოვს. ისრაელმა თავისი ვალდებულებები შეასრულა. ისინი ყვითელ ხაზთან დგანან და ეს დამოკიდებულია დემილიტარიზაციაზე“, - დასძინა მან.

რუბიომ აღნიშნა, რომ შეთანხმების მეორე ფაზის ფარგლებში „ჰამასის“ განიარაღება და ღაზას დემილიტარიზაცია „გრძელვადიანი პროექტია“, თუმცა დასძინა: „ჩვენ გვსურს, აქ ხელი შევუწყოთ ისეთი პირობების შექმნას, რომ ღაზაში მცხოვრები ადამიანები „ჰამასის“ მხრიდან ტერორში არ იყვნენ და რეალურად ჰქონდეთ სიცოცხლე, სამსახური, ბიზნესი და უკეთესი მომავალი“.