Loading data...
რუბიო: ჩვენ არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ხელს არ უწყობს ეროვნულ ინტერესებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის საგარეო ურთიერთობები ერთ რამეს ეხება - ეროვნულ ინტერესს

„ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და პრინციპული, ჩვენი დოლარები პირველ რიგში ამერიკელებს უნდა ემსახურებოდეს და არა სოციალურ ექსპერიმენტებსა და ვიწრო ინტერესების მქონე პროექტებს საზღვარგარეთ - როდესაც საქმე საგარეო ურთიერთობებს ეხება, არსებობს მხოლოდ ერთი პრიორიტეტი: ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

„ჩვენ არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ხელს არ უწყობს ეროვნულ ინტერესებს. არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ფლანგავს გადასახადის გადამხდელთა დოლარებს და არ შეგვიძლია ფულის ხარჯვა სოციალურ ექსპერიმენტებზე მსოფლიოს გარშემო, რომლებიც ხელს უწყობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული იდეოლოგიური მოძრაობის მიზნებს. საგარეო დახმარება არასდროს არ უნდა ყოფილიყო ამის შესახებ. და სწორედ ამ საწყისებს უნდა დავუბრუნოთ იგი.

საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, მაგრამ ამავდროულად პრინციპულები. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება, ხშირად არ გეძლევა არჩევანი აშკარად კარგსა და აშკარად ცუდ ვარიანტს შორის. ზოგჯერ გეძლევა ორი ცუდი არჩევანი და ცდილობ გაარკვიო, ამ ორი ცუდი არჩევანიდან რომელია ქვეყნისთვის ყველაზე ნაკლებად საზიანო.

საბოლოო ჯამში, ქვეყნებს შორის საგარეო ურთიერთობები ერთ რამეს ეხება: ეროვნულ ინტერესს. მე მოველი, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ვხვდები, ეს მინისტრი წინ წამოსწევს იმას, რაც მისი ქვეყნის ინტერესებშია. მე კი წინ უნდა წამოვწიო ის, რაც ჩვენს ინტერესებშია. არა ის, რაც მსოფლიოს ინტერესებშია, არამედ ის, რაც ჩვენს ინტერესებშია.

სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, სწორედ იქ ხდება თანამშრომლობა. სწორედ იქ ყალიბდება ალიანსები. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენი ინტერესები არ ემთხვევა, სწორედ იქ უნდა გქონდეს იმედი, რომ დიპლომატია და თანამშრომლობა გამოსავალს იპოვის.

მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ყოველთვის უნდა ეხებოდეს იმას, რაც საუკეთესოა ამერიკისთვის. ეს არ არის ახალი კონცეფცია, ეს არის კლასიკური კონცეფცია და ისეთი, რომელიც დიდი ხნით დაკარგული იყო ამერიკულ საგარეო პოლიტიკაში. და მე მოხარული და ამაყი ვარ, რომ ვარ ნაწილი იმ ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია მის აღსადგენად“, - აღნიშნა რუბიომ.