Loading data...
რუბიო აცხადებს, რომ ამ კვირის დასაწყისში აშშ რუსეთს უკრაინაში ომთან დაკავშირებით ესაუბრა, თუმცა ვაშინგტონი პროგრესს ვერ ხედავს

აშშ-მა ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ოფიციალურ პირებთან ისაუბრა იმ იმედით, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ. თუმცა ვაშინგტონი ამ საკითხთან დაკავშირებით პროგრესს ვერ ხედავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტს ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ მას აქვს ეს შესანიშნავი სატელეფონო ზარები, სადაც ყველა, სავარაუდოდ, ამბობს, რომ სურთ, ეს დასრულდეს, თუ წინსვლის გზას ვიპოვით. შემდეგ კი ის რთავს ახალ ამბებს და ხედავს, რომ კიდევ ერთი ქალაქი იბომბება, მათ შორის ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე ქალაქებიც. ასე რომ, გარკვეულ მომენტში თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რამდენად გააგრძელოთ ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, თუ ერთ-ერთი მხარე ამით დაინტერესებული არ არის“, - განმარტა მან Fox News-ის წამყვან ბრაიან კილმიდთან ინტერვიუში.

რუბიომ აღნიშნა, რომ ტრამპს რუსეთზე გავლენის მოხდენის ბევრი ვარიანტი აქვს. კერძოდ, საუბარია მეორადი სანქციების შემოღების შესაძლებლობაზე, რომელიც რუსული ნავთობის მყიდველებს შეეხება. ნავთობის გაყიდვები კი რუსეთის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

„არსებობს საბანკო, სექტორული საბანკო სანქციები, რომლებიც, ასევე, ძალიან ძლიერი იქნება. კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, ჩვენი იმედია, რომ თავიდან ავიცილებთ ამას და ვიპოვით გზას, რათა მათ შეაჩერონ ბრძოლა. ვფიქრობთ, ეს საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. ჩვენ ღია ვართ სხვადასხვა ვარიანტისთვის, მაგრამ წინსვლის საუკეთესო გზა ბრძოლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყებაა. თუმცა, ჩვენი აზრით, ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან ამ მიზნის მიღწევის გულწრფელი ინტერესიც კი არ არსებობს. ასე რომ, ჩვენ კვლავაც მზად და მონდომებულები ვიქნებით, მონაწილეობა მივიღოთ მსგავს რამეში, თუ შესაძლებლობა გაჩნდება. თუმცა, ცხადია, პრეზიდენტი სამუდამოდ ლოდინს არ აპირებს“, - ხაზგასმით აღნიშნა რუბიომ.