რუბიო: აშშ რამდენიმე კვირაში და არა თვეში გაიგებს, მზად არის თუ არა რუსეთი მშვიდობისთვის

შეერთებული შტატები კვირებში და არა თვეებში გაიგებს, მზად არის თუ არა რუსეთი, დაასრულოს ომი უკრაინაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ბრიუსელში ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
„ეს არის ის, რისი გაკეთებაც პრეზიდენტს სურს. მას სურს ომის დასრულება და მას სურს ამის გაკეთება მისი ადმინისტრაციის დასაწყისში. ამ ომის დასრულება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით შესაძლებელია, თუ ორივე მხარე თანახმაა. ჩვენ ახლა ამ პირობების პოვნის პროცესში ვართ და მალე გავიგებთ კვირებში და არა თვეებში, მზად არის თუ არა რუსეთი მშვიდობისთვის“, - განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, თუ უკრაინელებმა აჩვენეს მზადყოფნა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესაქმნელად, მაშინ „მალე, და არა ექვს თვეში, რუსეთმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა გადაწყვიტონ, არიან თუ არა მზად მშვიდობისთვის“.