რომში ისტორიული კოშკის ჩამონგრევას ერთი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა
        რუმინელი მუშა, რომელიც 3 ნოემბერს კოლოსეუმის მახლობლად შუა საუკუნეების კოშკის ნაწილობრივი ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებში საათობით იყო ჩარჩენილი, გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
რომის პოლიციის უფროსის ლამბერტო ჯანინის თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ნანგრევებიდან მამაკაცის გამოყვანა საღამოს მოახერხა. მან ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 11 საათი გაატარა და სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. ექიმებმა საავადმყოფოში მიყვანიდან ერთი საათის განმავლობაში მისი მობრუნება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მამაკაცი 66 წლის იყო.
მეორე მუშა, ასევე რუმინელი, ნანგრევებიდან თითქმის მაშინვე გამოიყვანეს და თავის არეში სერიოზული, მაგრამ სიცოცხლისთვის არასაშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორმა სხვა მუშამ კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა.
კოშკი, რომელიც მუზეუმად და საკონფერენციო დარბაზად უნდა გადაკეთებულიყო, ვენეციის ცენტრალური მოედნიდან კოლოსეუმამდე მიმავალი ფართო გამზირის, Via dei Fori Imperatori-ს შუაგულში მდებარეობს.
შენობა მთლიანად არ ჩამოშლილა, თუმცა შიდა ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
რომის მერიის ცნობით, მასში ოდესღაც მერიის ოფისები იყო განთავსებული, თუმცა 2006 წლიდან შენობა გამოუყენებელია და სამუშაოები ოთხწლიანი რესტავრაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულებულიყო.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო, კოშკის მიმდებარე ტერიტორია ფეხით მოსიარულეთათვის დაიკეტა.
შენობა პაპმა ინოკენტი III-მ თავისი ოჯახისთვის XIII საუკუნის დასაწყისში ააგო და თავდაპირველად ორჯერ მაღალი იყო, თუმცა XIV და XVII საუკუნეებში მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზიანის შემდეგ ზომაში შეამცირეს.