რომის პაპმა დაგმო „ძალაზე დაფუძნებული დიპლომატია“ და „ომისადმი სწრაფვა“
მსოფლიოში მზარდი საფრთხეების ფონზე, რომის პაპმა ლეო XIV-მ ვატიკანში დიპლომატიური კორპუსისადმი ყოველწლიური მიმართვისას, მკაცრად დაგმო „ძალაზე დაფუძნებული დიპლომატია“ და „ომისადმი სწრაფვა“.
„ქვეყნებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ ერთად იმუშავებენ საერთაშორისო სამართლის დასაცავად და ისინი არ შეიძლება იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ გარემოებებზე, სამხედრო თუ სტრატეგიულ ინტერესებზე“, - განუცხადა პაპმა ლეომ დიპლომატებს სიტყვით გამოსვლისას, რაც, ფაქტობრივად, პაპის საგარეო პოლიტიკის ყოველწლიურ დეკლარაციას წარმოადგენს.
მას მსოფლიო ლიდერებიდან სახელით არავინ უხსენებია, თუმცა მისი შენიშვნები საკმაოდ პირდაპირი იყო ბოლო დღეების მოვლენების გათვალისწინებით.
ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით აშშ-ის მიერ ჩატარებულ ოპერაციაზე საუბრისას, რომის პაპმა კვლავ გაიმეორა კვირას გაჟღერებული მოწოდება: „პატივი ვცეთ ვენესუელელი ხალხის ნებას და დავიცვათ ყველას ადამიანური და სამოქალაქო უფლებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობისა და თანხმობის მომავალი“.
მან ისაუბრა უკრაინაში „სამოქალაქო მოსახლეობის მიმდინარე ტანჯვაზე“ და იმ დროსაც კი, როდესაც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებდა, რომის პაპმა ასევე „გადაუდებელი თხოვნით მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ შეირყეს მათი ერთგულება სამართლიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ძიებისას, რაც დაიცავს ყველაზე დაუცველებს და იმედს დაუბრუნებს დაზარალებულ ხალხებს“.