Loading data...
რომის პაპი რუსეთსა და აშშ-ს ბირთვული იარაღის შესახებ ბოლო შეთანხმების განახლებისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ლეომ რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს მოუწოდა, განაახლონ ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ბოლო ხელშეკრულება - New START, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ განლაგებული სტრატეგიული ბირთვული იარაღის რაოდენობას ზღუდავს.

ლეომ ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციის დროს განაცხადა, რომ მსოფლიოში არსებული ვითარება „მოითხოვს ყველაფრის გაკეთებას შეიარაღების ახალი რბოლის თავიდან ასაცილებლად“.

2010 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ვადა 5 თებერვალს იწურება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ მხარეს ხელშეკრულების არაფორმალურად, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სექტემბერში შესთავაზა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

„სასწრაფოდ მოგიწოდებთ, არ დავუშვათ ამ ინსტრუმენტის გაუქმება. როგორც არასდროს, ახლა უფრო გადაუდებელია, შიშისა და უნდობლობის ლოგიკა ჩანაცვლდეს საერთო ეთიკით, რომელსაც შეუძლია არჩევანის გაკეთება საერთო სიკეთისკენ წარმართოს“, - განაცხადა პაპმა.