რომის პაპი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დათმონ კრიტიკული აზროვნების უნარი და ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ურთიერთობის ჩანაცვლების უფლება არ მისცენ
რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ „ჩატბოტები“ ზედმეტად „მოსიყვარულეები“ არიან და მათ მომხმარებლებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ რჩევებს სთავაზობს.
„ჰილის“ ცნობით, 2025 წლის მაისში მისი არჩევის შემდეგ, პაპმა ლეომ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური საკითხების მოგვარება მისი პაპობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა.
„ნუ დათმობთ კრიტიკულად აზროვნების უნარს და ნუ მისცემთ ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური ურთიერთობების ჩანაცვლების უფლებას. ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა შეცვალოს იგი“, – განაცხადა პაპმა.
თანამედროვე კომუნიკაციების შესახებ თავის გზავნილში პაპმა ლეომ თქვა, რომ „ადამიანური სახისა და ხმის შენარჩუნება“ ნიშნავს ღვთის კვალის შენარჩუნებას თითოეულ ადამიანზე, რომელიც „ღვთის სიყვარულის წარუშლელი ანარეკლია“.
პაპი ხელოვნური ინტელექტის მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ „ყოვლისმცოდნე მეგობარზე, ყველა ცოდნის წყაროზე ან ყველა რჩევის ორაკულზე“ დაყრდნობამ შეიძლება, შეარყიოს ადამიანის ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
„იმის გამო, რომ „ჩატბოტები“ ზედმეტად „მოსიყვარულეები“ არიან, ყოველთვის არსებობენ და ხელმისაწვდომები არიან, მათ შეუძლიათ, გახდნენ ჩვენი ემოციური მდგომარეობის ფარული არქიტექტორები, ამით შეიჭრნენ და დაიკავონ ჩვენი ინტიმური სფერო“, – განაცხადა პაპმა ლეომ.