Loading data...
რომის პაპი ლეო XIV: ეკლესია ტრადიციების ერთგული უნდა დარჩეს

რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო ცერემონიალზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეკლესიამ ტრადიციული გეზი უნდა შეინარჩუნოს.

„ეკლესიაში პროპაგანდის და გავლენებისთვის თამაშის ადგილი არაა“, - აღნიშნა რომის ახალმა ლიდერმა.

პონტიფიკოსმა გააკრიტიკა მსოფლიო ეკონომიკური სისტემა, რომელიც, მისი თქმით, ექსპლუატაციას უწევს პლანეტის რესურსებს, ხოლო ღარიბი მოსახლეობის მარგინალიზაციას ეწევა. 

„ჩვენ ღმერთს მივანდეთ მემკვიდრის არჩევა, რომის ეპისკოპოსის, მწყემსის, რომელსაც შეუძლია, შეინარჩუნოს ქრისტიანული სარწმუნოების მდიდარი მემკვიდრეობა და ამავდროულად, იხედებოდეს მომავალში, რათა დღევანდელი დღის გამოწვევებს გაუმკლავდეს.

ყოველგვარი დამსახურების გარეშე ამირჩიეს და ახლა, შიშითა და ძრწოლვით მოვედი თქვენთან, როგორც ძმა, რომელსაც სურს, გემსახუროთ თქვენ რწმენასა და სიხარულში.

რომის ეკლესია ხელმძღვანელობს გულმოწყალებით და მისი ჭეშმარიტი ავტორიტეტი ქრისტეს გულმოწყალებაა. ის არასდროს ცდილობს სხვების ძალისმიერი გზით გადაბირებას, რელიგიური პროპაგანდით ან სხვა საშუალებებით. ეს მხოლოდ სიყვარულის საკითხია, როგორც ამას იესო აკეთებდა. თუკი კლდე ქრისტეა, პეტრემ უნდა მწყემსოს სამწყსო, ისე რომ არასდროს დაემორჩილოს ავტოკრატობისა და მასზე მინდობილებზე ბატონობის ცდუნებას. პირიქით, ის მოწოდებულია, ემსახუროს თავისი ძმებისა და დების რწმენას და მათთან ერთად იაროს ამ გზაზე“, - განაცხადა ლეო XIV-მ. 

ცერემონიას, მორწმუნეებთან ერთად, მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ - მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.