რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.
რომის პაპის თქმით, მიმდინარე პროცესებს დიდი წუხილით აკვირდება.
„ასეთ რთულ დროს მსურს დაჟინებით მოვუწოდო მათ [ისრაელსა და ირანს] პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. უფრო უსაფრთხო, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს მშენებლობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შეხვედრებითა და გულწრფელი დიალოგით უნდა ხდებოდეს, რათა დაისადგუროს მდგრადმა მშვიდობამ, რომელიც სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანი დაბომბა და ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.