Loading data...
რომის კოლოსეუმი დაიხურა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა

რომის კოლოსეუმი 23 სექტემბერს დაიხურა მას შემდეგ, რაც ღამით მუშა სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.

22 წლის ანდრეა მორეტი სიმაღლიდან იმ დროს გადმოვარდა, როდესაც განათების ახალ ინსტალაციაზე მუშაობდა. 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იმედოვნებს, უბედური შემთხვევის მიზეზი რაც შეიძლება მალე გაირკვევა.

„ღრმად შეძრწუნებულნი და დამწუხრებულნი ვართ ანდრეა მორეტის ტრაგიკული დაღუპვის ცნობით. ის იყო კვალიფიციური მუშა, რომელმაც გასულ ღამეს კოლოსეუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სიცოცხლე დაკარგა. 22 წლის ასაკში ადამიანის გარდაცვალება მიუღებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს სამუშაო ადგილზე ხდება“, — განაცხადა მან.

იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მეორე იარუსის ის მონაკვეთი, სადაც შემთხვევა მოხდა“, დაიხურება. უწყების განცხადების თანახმად, შესაბამისი ორგანოები შემთხვევის გარემოებების დადგენაზე მუშაობენ.

სამინისტროს ცნობითვე, ყველა ვიზიტორის გასვლის შემდეგ ტერიტორია დღის განმავლობაში საზოგადოებისთვის სრულად დაიხურება.

ნაგებობის ის ნაწილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, 23 სექტემბრის დილას უკვე დაკეტილი იყო.