Loading data...
რობერტ ფიცო: სლოვაკეთი „მშვიდობის საბჭოში“ არ გაწევრიანდება

სლოვაკეთი შეერთებული შტატების მშვიდობის საბჭოში არ გაწევრიანდება, - ამის შესახებ რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

ფიცოს თქმით, ის ახალი ინსტიტუციების შექმნის აზრს ვერ ხედავს, მით უმეტეს, თუ ის გაეროს მსგავსია.

როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა კონცენტრირებულია გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებაზე.

„სლოვაკეთს აქვს უზარმაზარი ინტერესი, გახდეს გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი 2028-2029 წლებში. ჩვენი ყველა ვიზიტის დროს ვთხოვთ პარტნიორებს, მხარი დაუჭირონ ჩვენს წევრობას უშიშროების საბჭოში“, - განაცხადა ფიცომ.

მისივე თქმით, სლოვაკეთი არ აპირებს, დააფინანსოს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებზეც ყველაფერი დაწვრილებით არ იციან.

„სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა არასოდეს დახარჯავს საწევრო შენატანს ასეთ ინსტიტუციაში გაწევრიანებისთვის. თუ არსებობს იდეა, რომლის შესახებ ჩვენც ჯერ ცოტა ვიცით და უნდა გადავიხადოთ მილიარდი ევრო ან მილიარდი დოლარი, წინასწარ ვამბობ: არა. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ფიცომ.

ფიცომ, ასევე, აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ მადლიერებით უნდა უარყოს ეს მოწვევა, რათა აღარ დაკარგონ ამაზე დრო.