რობერტ ფიცო: სლოვაკეთი არ არის ბანანის რესპუბლიკა, რომელიც მაშინვე აკეთებს იმას, რასაც ბრიუსელი, კიევი, ვაშინგტონი ან მოსკოვი მოისურვებს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გააკრიტიკა ევროპის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ევროკავშირი კონფლიქტის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და გააფრთხილა, რომ სლოვაკეთი ბრმად არ მიჰყვება ბრიუსელის პოლიტიკურ ხაზს.
მან განაცხადა, რომ შეშფოთებულია გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ბოლოდროინდელი განცხადებებით, რომლის თანახმად, ევროპამ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთს აღარ შეეძლოს ომის წარმოება სამხედრო ან ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ღიად ვიტყვი, რომ შევცბი, როდესაც გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიერ 19 თებერვალს გაკეთებული განცხადებები წავიკითხე. კანცლერის თქმით, ევროპამ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ომის წარმოება, ვერც სამხედრო და ვერც ეკონომიკური თვალსაზრისით. გერმანიის კანცლერის განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა ნებისმიერ ფასად გაგრძელდება, უკრაინის აშკარა სამხედრო წარუმატებლობის მიუხედავად, თუმცა ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. შეერთებული შტატები უკრაინის დაფინანსებისგან უკან იხევს. ის პრაგმატულია. ის უკრაინას იარაღს უგზავნის, მაგრამ უზრუნველყოფს, რომ მათ დაფარონ.
უკრაინაში ომის მთელ ტვირთს ევროპა იღებს. მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის დროს ეს იდეოლოგიური სიგიჟეა – ჩვენ არ გვაქვს რესურსები ელექტროენერგიის ფასების შესამცირებლად, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ უკრაინისთვის კიდევ ერთ სამხედრო სესხს ვამტკიცებთ 90 მილიარდი ევროს ოდენობით. აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია, რომ სლოვაკეთი ამ სესხში არ ჩავრთე. არაერთხელ და ყოველ შესაძლებლობაზე ხაზს გავუსვამ, რომ უაზრო ომის განზრახ გაჭიანურების ნაცვლად, მთელმა ევროკავშირმა უნდა მოამზადოს მნიშვნელოვანი და სამართლიანი სამშვიდობო წინადადება და ყველა ღონე იხმაროს მის აღსასრულებლად.
ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება, მხოლოდ უკრაინის სრული ჩართულობითა და სრული თანხმობით იყოს მიღწეული. თუმცა, ვიღაცამ უკრაინა ამისკენაც უნდა წაიყვანოს. არ მშურს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის იმ პრობლემების გამო, რომლებიც მათ უნდა გადაჭრან და სწორედ ამიტომ ვეხმარებით, რამდენადაც შეგვიძლია. სლოვაკეთი უკრაინის მსახური არ არის. თუ დასავლეთის ქვეყნები და ბრიუსელი დადებითად უპასუხებენ უკრაინის ყველა მოთხოვნას, რაც არ უნდა იყოს ის, ეს მათი გადასაწყვეტია. აქ, სლოვაკეთში, ჩვენ ვინარჩუნებთ საღ აზრს“, - აცხადებს ფიცო.
ფიცოს თქმით, სლოვაკეთმა 180 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, გაუგზავნა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება, ელექტროენერგია და გაზი და საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჩერა გაზის ტრანზიტი და გამოიწვია პირდაპირი ზიანი წელიწადში 500 მილიონი ევროს ოდენობით.
„მისი არგუმენტი, რომ რუსული გაზის შეძენით ჩვენ ვუჭერთ მხარს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში, მცდარია, რადგან რამდენიმე დასავლური ქვეყანა ყიდულობს რუსული თხევადი გაზის დიდ რაოდენობას და ის გაზიც კი, რომელიც ჩვენი მილსადენით უკრაინას მიეწოდება, რუსული წარმოშობისაა. შემდეგ პრეზიდენტი ზელენსკი აჩერებს ნავთობის ნაკადს და დიდ პრობლემებს ქმნის.
მიზეზები არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი საუბრობს სავარაუდოდ დაზიანებულ ნავთობსადენზე, ზოგი კი სრულიად განსხვავებულ რამეს ამბობს. ჩვენი სადაზვერვო ინფორმაცია ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნავთობსადენი ფუნქციონირებს და რომ ნავთობის ტრანზიტის შეჩერებას წმინდა იდეოლოგიური და პოლიტიკური მიზეზები აქვს“, - განაცხადა ფიცომ.
ფიცოს თქმით, უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერებას მოითხოვს.
„თუ პრეზიდენტი გვეტყვის, რომ გაზი და ნავთობი რუსეთის გარდა სხვაგან უნდა შევიძინოთ – მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო რთულია, უფრო ძვირია და მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს იწვევს – ჩვენ გვაქვს უფლება, ვუპასუხოთ. სლოვაკეთი არ არის ბანანის რესპუბლიკა, რომელიც მაშინვე აკეთებს იმას, რასაც ბრიუსელი, კიევი, ვაშინგტონი ან მოსკოვი მოისურვებს“, - დასძინა ფიცომ.