Loading data...
რობერტ ფიცო: ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე არ დავუჭერ მხარს არცერთ ზომას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო ხარჯების გაზრდას ისახავს მიზნად

„ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე არ დავუჭერ მხარს არცერთ ზომას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო ხარჯების გაზრდას ისახავს მიზნად“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ.

მისი თქმით, სლოვაკეთის მთავრობა მონაწილეობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ძალისხმევაში, ასევე, მხარს უჭერს მის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„მე არ შემიძლია და არანაირი ზეწოლის ქვეშ არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო ხარჯების მხარდამჭერ არცერთ ზომას, რომელშიც სლოვაკეთის რესპუბლიკა მიიღებს მონაწილეობას. ამავდროულად, მე პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, ნებაყოფლობით საფუძველზე მიიღოს განსხვავებული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს და რომ ევროკავშირის სტრატეგია კონფლიქტთან დაკავშირებით არასწორი და არაეფექტურია.