რობერტ ფიცო: ევროპა ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროპაში არსებული ვითარება უპრეცედენტოდ დაძაბულია და კონტინენტი ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.
სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ევროპაში არსებული ვითარება განსაკუთრებით მძიმე და დაძაბულია.
„სიტუაცია არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული და დაძაბული, ევროპის მასშტაბით სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობის თვალსაზრისით, როგორც ახლა არის“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ სურს სლოვაკეთი რაიმე სახის ომში ჩაერთოს.
„დიახ, ჩვენ ნატოს წევრები ვართ, ვაფასებთ ამას და მზად ვართ თანამშრომლობისა და ვალდებულებების შესრულებისთვის. მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სლოვაკეთი არასდროს აღმოჩნდეს ჩათრეული შეიარაღებულ კონფლიქტში“, - აღნიშნა ფიცომ.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი კონტროლს აღარ ექვემდებარება.
„ის, რაც დღეს ევროპაში ხდება - რასაც ვისმენთ და ვხედავთ - მიუთითებს, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი კონტროლს აღარ ექვემდებარება. უგულებელყოფილია სამხედრო ოპერაციების მარეგულირებელი ყველა წესი და თავდასხმის ობიექტი ხდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციების მომსწრე გავხდებით. თუმცა, ყველაზე მეტად რისი შიშიც მაქვს არის ის, თუ რამდენად გაძლიერდა ევროპაში სამხედრო რიტორიკა. როგორც ჩანს, ევროკავშირის 2028–2034 წლების ბიუჯეტიდან სარგებელს სწორედ იარაღის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ - არა მოქალაქეები, არამედ იარაღის მწარმოებელი კომპანიები“, - დასძინა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 18 სექტემბერს უკრაინას ეწვევა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.