რობერტ ფიცო: ევროკავშირმა უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან, აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, უნგრელ კოლეგასთან ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ევროკავშირს მოუწოდა „საღი აზრისკენ დაბრუნებისკენ“, რაც, მისი აზრით, რუსეთთან ენერგორესურსებთან დაკავშირებით დიალოგის განახლებას ნიშნავს.
მან განაცხადა, რომ სლოვაკეთის და უნგრეთის მთავრობები „ყველაფერს აკეთებენ, რათა დაიცვან თავიანთი ეროვნული ეკონომიკები და მოქალაქეები“.
„მე არ მოვუწოდებ სხვას არაფერს, მხოლოდ საღი აზრისკენ დაბრუნებას. მთელი ევროკავშირი და განსაკუთრებით, ევროპული თანამეგობრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო ჰგავს თვითმკვლელ გემს.
დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, დაადასტურა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უზარმაზარ ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას მხოლოდ ეროვნულ დონეზე.
თუმცა, სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაიცვან თავიანთი ეროვნული ეკონომიკები და მოქალაქეები ევროპული თანამეგობრობის იდეოლოგიური სიბრმავისა და არაკომპეტენტურობისგან, ბოროტი განზრახვების მქონე უკრაინის პრეზიდენტისა და ირანის წინააღმდეგ ომის შედეგებისგან“, - აცხადებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.
მისივე თქმით, აუცილებელია გაუქმდეს სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს.
„ევროკავშირმა და კერძოდ, ევროკომისიამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს დიალოგი რუსეთთან და უზრუნველყოს პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს და მთლიანად ევროკავშირს, შეავსონ თავიანთი მწირი გაზისა და ნავთობის რეზერვები და უზრუნველყონ სტრატეგიული ნედლეულის მიწოდება ყველა შესაძლო წყაროდან და მიმართულებიდან, მათ შორის, რუსეთიდან“, - აღნიშნავს ფიცო.
მისი აზრით, რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტზე დაწესებული „უაზრო სანქციები“ „უნდა მოიხსნას“.
„ამიტომ აუცილებელია გაუქმდეს უაზრო სანქციები, რომლებიც კრძალავს რუსეთისგან გაზისა და ნავთობის იმპორტს, დაიწყოს ევროკავშირის ცალკეული ინიციატივა უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის და გადაიდგას გადამწყვეტი ნაბიჯები მილსადენ „დრუჟბის“ მუშაობის აღსადგენად“, - წერს ფიცო.