რობერტ ფიცო: ევროკავშირი არასდროს დამდგარა ისეთი ღრმა კრიზისის წინაშე, როგორც ახლა, არასდროს ყოფილა ასეთი საფრთხის ქვეშ და ამდენად დასუსტებული
ევროკავშირი არასდროს ყოფილა ასეთი საფრთხის ქვეშ, ამდენად დასუსტებული, უმწეო და გაყოფილი, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
ფიცომ აღნიშნა, რომ ევროპა „ღრმა კრიზისის“ წინაშე დგას.
„ევროკავშირი არასდროს დამდგარა ასეთი ღრმა კრიზისის წინაშე, როგორც ახლა. ევროკავშირი არასდროს ყოფილა ასეთი საფრთხის ქვეშ. ის არასდროს ყოფილა ამდენად დასუსტებული. ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი უმწეო. ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი გაყოფილი. ევროპას არასდროს გამოუყენებია ორმაგი სტანდარტი, როგორც ახლა და ჩვენ ამ სივრცეში ორიენტირება გვიწევს. შეძლებს თუ არა ევროკავშირი გლობალურ მოთამაშედ გარდაქმნას, თუ ის უბრალოდ დამკვირვებელი იქნება, ყველაფერს დააკვირდება და აბსოლუტურად არაფერზე გავლენას არ მოახდენს. მე მხარს ვუჭერ ევროკავშირს, რომელიც შეასრულებს გლობალური ძალის როლს“, - განაცხადა ფიცომ.
ამასთან, ფიცოს თქმით, მომავალ კვირას, შეერთებულ შტატებთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.
„ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ გვსურს, ავაშენოთ ახალი უზარმაზარი ბლოკი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ფიცომ.
ამასთან, ფიცოს თქმით, სლოვაკეთის პოზიცია უკრაინის მიმართ უცვლელი რჩება.
„ჩვენი პოზიცია უკრაინის მიმართ უცვლელი რჩება. უკრაინა ჩვენი მეზობელია. ჩვენ ვუსურვებთ მას ყველაფერს საუკეთესოს. ჩვენ ვუსურვებთ მას ევროკავშირში გაწევრიანებას პირობების შესრულების საფუძველზე“, - აღნიშნა ფიცომ.