Loading data...
რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უარყო ევროკომისიის კრიტიკა დიზელის ფასებთან დაკავშირებით და ითხოვს კიევზე ზეწოლას ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით.

ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისია დაინტერესებულია სლოვაკეთში პოლიტიკურ ვითარებაზე გავლენის მოხდენით, რადგან მან მისი მთავრობა დიზელის საწვავზე ორდონიანი ფასების გამო გააკრიტიკა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სლოვაკეთში დიზელის საწვავზე ორი ფასი იქნება, უცხოელი მძღოლები უფრო მაღალ ფასს გადაიხდიან.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, ქვეყანას აქვს უფლება, დაიცვას თავი ახლო აღმოსავლეთში არსებული სამხედრო კონფლიქტის ნეგატიური შედეგებისგან.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რომ ნავთობსადენ „დრუჟბათი“ ნავთობი უკვე მეორე თვეა აღარ შედის ქვეყანაში. ფიცომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია დამნაშავე და რომ ის სლოვაკეთს ზიანს აყენებს.

ევროკომისიამ სლოვაკეთს გაუგზავნა წერილი, რომელსაც ფიცომ დამაშინებელი უწოდა. მასში კომისია იტოვებს უფლებას, დაიწყოს გადაუდებელი სამართალწარმოება დარღვევის თაობაზე და სთხოვს სლოვაკეთს, შეწყვიტოს ამ ზომის გამოყენება.

ფიცო მოუწოდებს ევროკომისიას, ანალოგიური წერილი გაუგზავნოს ზელენსკის და მოახდინოს ზეწოლა უკრაინაზე, რათა მან ინსპექტირების ჯგუფს ნავთობსადენ „დრუჟბას“ შემოწმების საშუალება მისცეს. ის ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვს, დაემუქროს ზელენსკის, რომ თუ ის არ აღადგენს ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობას, 90-მილიარდიან კრედიტს ვერ მიიღებს.

ფიცოს კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ ინსპექტირების ჯგუფში ჩაერთონ სლოვაკეთის და უნგრეთის წარმომადგენლები, ასევე, ევროკავშირის ან ჩეხეთის რესპუბლიკის ექსპერტები.

„დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაში“, - დასძინა მან.