Loading data...
რობერტ ქოჩარიანი: ეს არჩევნები ჩატარდა ხელისუფლების მხრიდან საყოველთაო ზეწოლის, ოპოზიციონერების დაკავებების, ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებისა და საარჩევნო დარღვევების პირობებში - ჩვენ გავასაჩივრებთ არჩევნების შედეგებს

ბლოკ „სომხეთის“ ლიდერი რობერტ ქოჩარიანი ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მათ სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ ქოჩარიანმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საკუთარ ამომრჩეველს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი სერიოზული დარღვევების ფონზე წარიმართა.

„ეს არჩევნები ჩატარდა ხელისუფლების მხრიდან ყოვლისმომცველი ზეწოლის, ოპოზიციონერების დაკავებების, ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებისა და საარჩევნო დარღვევების პირობებში“, - აცხადებს ქოჩარიანი.

ქოჩარიანის თქმით, ამ ეტაპზე ბლოკი აქტიურ კონსულტაციებს მართავს სხვა ოპოზიციურ ძალებთან, რათა შეათანხმონ შემდგომი მოქმედების სტრატეგია. სამომავლო ნაბიჯებისა და გეგმების შესახებ საზოგადოებას ამ განხილვების დასრულებისთანავე ეცნობება.

მიუხედავად შედეგებისა, ბლოკ „სომხეთის“ ლიდერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ ბრძოლას არ შეწყვეტს: „ერთი რამ ცხადია: ჩვენ არ დავიხევთ უკან და არ მივატოვებთ ჩვენს საბრძოლო სანგრებს“.