რეზა ფეჰლევი: მზად ვარ, რომ ირანში გარდამავალ პროცესს ვუხელმძღვანელო
რეზა ფეჰლევმა აშშ-ის კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მზად არის ირანში გარდამავალ პროცესს უხელმძღვანელოს. ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მოუწოდა, რომ ირანში დაწყებული სამხედრო ოპერაცია ბოლომდე მიიყვანონ და დაასრულონ ირანის რეჟიმი.
„პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ დიდებულს ხდის. მე კი ვაპირებ, კვლავ დიდებული გავხადო ირანი. პრეზიდენტი ტრამპი მართალი იყო, როდესაც თქვა: „ჩვენ არ გვინდა ორ წელიწადში ერთხელ დაბრუნება“, მაგრამ თუ რეჟიმის რომელიმე ფრაქცია ხელისუფლებაში დარჩება, ზუსტად ეს მოხდება. ის დროს მოიგებს, თითქოს მოლაპარაკებას აწარმოებს, შემდეგ კი დაუბრუნდება თავის ძველ, ჯიჰადისტურ გზას, რომელიც ამერიკას, მის უსაფრთხოებასა და ინტერესებს ემუქრება. ირანელ ხალხს აქვს რეალური შანსი, დაასრულოს ეს ტერორისა და ქაოსის რეჟიმი. რეჟიმის რეპრესიული მანქანა დასუსტებულია, მისი ტერორისტული ქსელი გაწყვეტილი, მისი ხელმძღვანელობა კი განადგურებულია. ეს ყველაფერი, როგორც ამერიკელების, ასევე ირანელების მსხვერპლად რომ ღირდეს, ჩვენ სამუშაო ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ეს რეჟიმი მთლიანად უნდა წავიდეს. ის, რასაც ახლა ამერიკისგან ვითხოვთ, მარტივია – ამ კურსს არ გადაუხვიოთ. გზა გაუკაფეთ ირანელ ხალხს, რათა საქმე ბოლომდე მიიყვანონ“, - განაცხადა რეზა ფეჰლევმა.