Reuters: უკრაინაში ბიზნესები დახურვის პირასაა რუსეთის მიერ ენერგოსისტემაზე თავდასხმების გამო
რუსეთი სისტემატურად ანგრევს უკრაინის ენერგოსისტემას, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც რიგით უკრაინელებზე, რომლებიც იძულებულნი არიან იცხოვრონ გათბობის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე, ასევე, მეწარმეებზე. ბიზნესის ხარჯები თითქმის ყოველდღიურად იზრდება, რამაც შეიძლება მისი დახურვა გამოიწვიოს.
„როიტერის“ ცნობით, კიევის მასშტაბით კაფეები, რესტორნები და სხვა მცირე ბიზნესები დაიხურა, რადგან ვერ გაუძლეს ეკონომიკის ფინანსურ ზეწოლას. ის ბიზნესები, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, ძირითადად ტროტუარებზე დამონტაჟებულ ძვირად ღირებულ გენერატორებზე არიან დამოკიდებულნი, რომლებიც ხმაურსა და კვამლს გამოსცემენ.
სილამაზის სალონის მფლობელი ნატალია ბილოსტოცკა უკმაყოფილოა იმით, რომ მისი ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადი წელს დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა და 58 000 გრივნა (1 340 აშშ დოლარი) შეადგინა, პლუს კიდევ 15 000 გრივნა (350 აშშ დოლარი) საწვავისა და გენერატორის მოვლა-პატრონობისათვის. მან აღნიშნა, რომ მისი ბიზნესი ამ პირობებში მოგებიანი არ არის და ფასების გაზრდა ვარიანტი არ არის, რადგან მომხმარებლები აღარ მოვლენ.
კიევის ეკონომიკის სკოლამ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს. ხანგრძლივმა გათიშვამ შეიძლება მშპ-ს 2-3%-მდე ზარალი მიაყენოს, თუმცა შედეგები ნაკლები იქნება, თუ კომპანიები სწრაფად ადაპტირდებიან.
კიევში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის უფროსმა ეკონომისტმა, ნატალია კოლესნიჩენკომ აღნიშნა, რომ უკრაინაში ბიზნესების უმეტესობა ზამთრის გადასატანად ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე გადავიდა. თუმცა, ისინი კვლავ დაუცველები რჩებიან გენერატორების ექსპლუატაციის ხარჯებისა და ელექტროენერგიის ტარიფების მკვეთრად მზარდი რაოდენობის გამო.
მისი თქმით, ენერგეტიკული კრიზისი უახლესი დარტყმაა მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც ომის, უსაფრთხოებისა და მიწოდების ჯაჭვის რისკების ფონზე მუშახელის დეფიციტს ებრძვიან. მცირე ბიზნესების დახურვამ, შესაძლოა, უმუშევრობისა და ემიგრაციის ზრდა გამოიწვიოს.
უკრაინაში, რესტორნების ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 60% ენერგეტიკულ კრიზისს ბიზნესისთვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს.