Reuters: უკრაინა „დრუჟბას“ მილსადენით ევროპაში ნავთობის მიწოდებას დღეს განაახლებს
უკრაინა „დრუჟბას“ მილსადენით ევროპაში ნავთობის მიწოდებას დღეს, 22 აპრილს, განაახლებს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, უკრაინამ უნგრულ ნავთობკომპანია MOL-ს აცნობა, რომ „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნედლი ნავთობის მიწოდება განახლდება, რაც ბუდაპეშტს პოტენციურად საშუალებას მისცემს, კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი განბლოკოს.
„დრუჟბას“ მილსადენი მიმდინარე წლის დასაწყისში რუსული დრონის დარტყმის შედეგად დაზიანდა, რის გამოც უნგრეთსა და სლოვაკეთში უკრაინის გავლით რუსული ნავთობის მიწოდება შეჩერდა. უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და სლოვაკეთის მთავრობამ უკრაინა მილსადენის შეკეთების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს, რასაც კიევი უარყოფდა.
„უკრაინა ოთხშაბათს [22 აპრილს] განაახლებს ნავთობის გადატუმბვას „დრუჟბას“ მილსადენიდან“, - განუცხადა ინდუსტრიის წყარომ Reuters-ს მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ევროკავშირს მოუწოდა, განბლოკოს 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი, რომელიც მილსადენთან დაკავშირებული დავების გამო არ გაიცა.