Loading data...
Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიების პროგრამებიდან ათობით მილიონ დოლარს ამცირებს

„სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა უკრაინაში სამხედრო დანაშაულების გამოძიებისთვის, მათ შორის რუსეთში იძულებით გადაყვანილი ბავშვების დაბრუნების პროგრამებისთვის, 283 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო“, — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი დოკუმენტებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

თუმცა,  2025 წლის იანვარში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, მრავალი პროგრამის დაფინანსება შეწყდა ან აღარ განახლდა. სააგენტოს გათვლებით, ამ პროგრამებმა დაფინანსების სულ მცირე 40% შეადგინა.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ დაფინანსების შემცირების გავლენის უფრო ზუსტად გამოთვლა შეუძლებელია, რადგან გრანტები ხშირად გაიცემა რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენიმე ორგანიზაციისთვის და სხვადასხვა მიზნებისთვის. თუმცა, საქმე ათობით მილიონ დოლარს ეხება.

სააგენტოს წყაროს თქმით, უკრაინაში დაფინანსების შემცირებამ გავლენა მოახდინა ამერიკული პროექტების დაახლოებით ნახევარზე, რომლებიც სამხედრო დანაშაულების გამოძიებასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურებოდა.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული მხოლოდ ერთი ახალი პროგრამა არსებობს: 2026 წლის მარტში უკრაინაში ბავშვების დასაბრუნებლად 25 მილიონი დოლარი გამოიყო.

ამასთან, სხვა მსგავსი პროგრამები, მათ შორის იელის უნივერსიტეტის პროექტი, დაფინანსების გარეშე დარჩა.

„საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ბრძოლის ველიდან მტკიცებულებების შეგროვებასა და ანალიზში მონაწილეობდნენ, ვეღარ ახერხებენ უკრაინაში ჩასვლას და ადგილობრივი პროკურორების დახმარებას“, - აცხადებენ წყაროები.