Loading data...
Reuters: ტრამპი ირანზე დარტყმებს განიხილავს, რათა ირანის მოსახლეობა ანტისამთავრობო აქციების განახლებისკენ წაახალისოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ შესაძლო ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის უსაფრთხოების ძალებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ მიზანმიმართულ დარტყმებს, რათა ირანის მოსახლეობა მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების განახლებისკენ წაახალისოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული ორი ამერიკელი წყაროს თქმით, ტრამპი ირანში რეჟიმის შეცვლის პირობების შესაქმნელად დამატებით დარტყმებს განიხილავს. ეს ხდება იანვრის დასაწყისში ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების დარბევის შემდეგ, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და საპროტესტო მოძრაობა შეაჩერა.

აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს იმ მეთაურებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ დარტყმების შესაძლებლობას, რომლებსაც ვაშინგტონი ძალადობაში ადანაშაულებს. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამან შესაძლოა, მომიტინგეებს სამთავრობო და უსაფრთხოების ძალების შენობების ხელში ჩაგდების რწმენა მისცეს.

ერთ-ერთმა ამერიკელმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის თანაშემწეების მიერ განხილულ ვარიანტებს შორის ასევე შედის გაცილებით მასშტაბური დარტყმა, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების საწყობების, ან ირანის ურანის გამდიდრების ობიექტების წინააღმდეგ.

კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება მოქმედების კურსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის შესახებ, აირჩევს თუ არა სამხედრო გზას.

ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ავიამზიდის და დამხმარე სამხედრო გემების ჩასვლამ გააფართოვა ტრამპის პოტენციური ქმედებების შესაძლებლობები მას შემდეგ, რაც ის არაერთხელ დაემუქრა ირანს ჩარევით, მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გამო.