Reuters: ტრამპი და სტარმერი შოტლანდიაში შეხვდებიან - მოლაპარაკებების დღის წესრიგშია ვაჭრობა და ღაზას კრიზისი

დღეს, 28 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შოტლანდიაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპი სტარმერს დასავლეთ შოტლანდიაში, თავის გოლფის კურორტზე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის მთავრობის ცნობით, ლიდერების მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მათ ბოლოდროინდელ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებასა და ღაზას სექტორის ჰუმანიტარულ კრიზისზე იქნება ორიენტირებული.
მოსალოდნელია, რომ ორი ლიდერი შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროზე, ტერნბერიში მდებარე ტრამპის გოლფის კურორტიდან აღმოსავლეთით, აბერდინის მახლობლად ტრამპის საკუთრებაში არსებულ მეორე ვრცელ მამულში გაემგზავრება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ სტარმერმა თავისი მინისტრები ზაფხულის არდადეგებიდან კაბინეტის სხდომის ჩასატარებლად გამოიძახა, სავარაუდოდ, ღაზას სექტორში არსებული სიტუაციის განსახილველად, რადგან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მოთხოვნით ზეწოლა იზრდება.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ესმის სტარმერის სურვილი, განიხილოს ისრაელის საკითხი და დასძინა, რომ აშშ ღაზას სექტორისთვის დახმარებას გაზრდის, თუმცა სურს, რომ სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ ამ ძალისხმევაში. ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში ასევე იქნება უკრაინა.
ამასთან, 27 ივლისს ევროკავშირთან მიღწეული სავაჭრო შეთანხმებით კმაყოფილმა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მოლოდინია, რომ სტარმერიც კმაყოფილი იქნება.
„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ ის ამაში არ არის ჩართული, ძალიან კმაყოფილი იქნება, რადგან, მოგეხსენებათ, იქაც გარკვეული ერთიანობაა დამყარებული. ის ძალიან ბედნიერი იქნება, როდესაც ნახავს, რა გავაკეთეთ“, - დასძინა ტრამპმა.