Reuters: შეიარაღებული პირები იემენის სამხრეთ სანაპიროზე ადენის ყურეში ქიმიურ ტანკერ „ასანაზე“ ავიდნენ და სავარაუდოდ, გემს აკონტროლებენ
იემენის სამხრეთ სანაპიროსთან, ადენის ყურეში, შეიარაღებული თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ქიმიურ ტანკერ „ასანაზე“ ავიდნენ და ამჟამად ხომალდს აკონტროლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ საზღვაო უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საზღვაო უსაფრთხოების ერთ-ერთი წყაროს ცნობით, პირველადი შეფასებით, ინციდენტი, სავარაუდოდ, სომალელ მეკობრეებს უკავშირდება და არა იემენში მოქმედ, ირანის მხარდაჭერილ „ჰუსიტების“ დაჯგუფებას.
გემების გადაადგილების მონაცემების მიხედვით, მცირე ზომის ტანკერს, რომელსაც ოფიციალურად დადასტურებული დროშა არ ჰქონდა, შემდეგი დანიშნულების პორტად სომალის ბოსასოს პორტი ჰქონდა მითითებული.
ევროკავშირის საზღვაო მისიის „ასპაიდსის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ძალისხმევა ტანკერ „ასანას“ დასახმარებლად და ინციდენტის გარემოებების დასადგენად.
ოფიციალურმა პირმა „როიტერს“ განუცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე სამხრეთ კორეული სამხედრო გემი იმყოფებოდა.
„თავდამსხმელების რაოდენობა, ბორტზე ასვლის გარემოებები, ასევე, ეკიპაჟისა და ხომალდის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია“, - განაცხადა ბრიტანულმა საზღვაო რისკების მართვის ჯგუფმა Vanguard-მა.
ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ის ინფორმაციით, ტანკერმა საგანგებო სიგნალი პარასკევს, დაახლოებით 06:20 GMT-ზე გაგზავნა. ინციდენტის დროს გემს შეიარაღებული დაცვის ჯგუფი არ ჰყავდა.
მათივე ცნობით, გემი ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა და ის, სავარაუდოდ, მეკობრეთა ჯგუფის შეიარაღებულმა წევრებმა დაიკავეს.
როგორც მედია წერს, საზღვაო მონაცემთა ბაზების მიხედვით, ტანკერის ოპერატორი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Exon Energy-ია, თუმცა სააგენტო Reuters-მა კომპანიისგან კომენტარის მიღება ვერ შეძლო.
„ირანმა ჰუსიტებს მოუწოდა, მზად იყვნენ წითელი ზღვის ნავთობის მარშრუტის დასახურად, იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყამს“, - განუცხადეს „როიტერს“ წყაროებმა, რაც გლობალური ენერგომომარაგებისთვის სერიოზულ ახალ საფრთხეს წარმოადგენს.