Loading data...
Reuters: საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაიღუპა 4 ადამიანი

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან ნავი ჩაიძირა, რომელსაც 30-ზე მეტი მიგრანტი გადაჰყავდა. დაიღუპა 4 ადამიანი. ამის შესახებ Reuters-ი საბერძნეთის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით წერს.

მაშველებმა კუნძულის სამხრეთით, ნაპირზე 34 მიგრანტი უსაფრთხოდ იპოვეს. ზღვაში ოთხი ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში სულ მცირე სამი გემი და ერთი ვერტმფრენი იყო ჩართული.

წინასწარი მონაცემებით, ნავზე სულ 38 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის გარემოებები გაურკვეველი რჩება.

საბერძნეთი 2015-2016 წლების მიგრაციული კრიზისის წინა პლანზე აღმოჩნდა, როდესაც მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ომსა და სიღარიბეს გაურბოდნენ, ევროპაში გადავიდა.

შემდეგ მიგრანტების ნაკადი შემცირდა. თუმცა ხმელთაშუა ზღვის ქვეყანამ ცოტა ხნის წინ გაამკაცრა იმიგრაციის წესები, მას შემდეგ, რაც ლიბიიდან ბერძნული კუნძულების, კრეტასა და გავდოსის გავლით მიგრანტების ახალი შემოდინება დაიწყო.