Reuters: პუტინი უგულებელყოფს ტრამპის ულტიმატუმებს და გაჭიანურებული ომისთვის ემზადება

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ ეშინია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის და ემზადება უკრაინაში ბრძოლის გასაგრძელებლად, ვიდრე დასავლეთი მის სამშვიდობო პირობებს არ დაეთანხმება. წერს „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით.
„პუტინის ტერიტორიული მოთხოვნები, შესაძლოა, გაფართოვდეს რუსული ჯარების წინსვლის პარალელურად“, - იტყობინება „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც ამბობენ, რომ პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკა და სამხედრო ძალები საკმარისად ძლიერია, რათა გაუძლოს დასავლურ ნებისმიერ დამატებით ზომებს.
ამავდროულად, გამოცემას რუსულმა წყაროებმა განუცხადეს, რომ პუტინი დასავლეთის ზეწოლის ქვეშ ომს არ შეწყვეტს. ის მიიჩნევს, რომ რუსეთი, რომელმაც ყველაზე მკაცრი სანქციები გადაიტანა, გაუძლებს შემდგომ ეკონომიკურ სირთულეებს.
„პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების დეტალები მასთან სერიოზულად არავის განუხილავს, მათ შორის ამერიკელებსაც, ამიტომ ის გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე არ მიიღებს იმას, რაც სურს“, - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „როიტერსს“ ანონიმურობის პირობით.
ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო ზარების, ასევე, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტების მიუხედავად, პუტინი მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი გეგმის საფუძვლების დეტალური განხილვა არ მომხდარა.
„პუტინი აფასებს ტრამპთან ურთიერთობას და კარგი დისკუსიები ჰქონდა უიტკოფთან, მაგრამ რუსეთის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას“, - დასძინა წყარომ.
ამავდროულად, გამოცემის კიდევ ერთი წყარო მიიჩნევს, რომ პუტინმა, შესაძლოა, მეტი ტერიტორია დაიკავოს, თუ ომი არ შეჩერდება.