Reuters: მარკო რუბიო ინდოეთსა და პაკისტანს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდებს

მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრები გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, რომლის დროსაც, ორივე მხარეს მოუწოდა დაძაბულობა განმუხტონ. ინფორმაციას Reuters აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ტემი ბრიუსის განცხადების საფუძველზე აქვეყნებს.
ბრიუსმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ორივე ოფიციალურ პირს სიმშვიდისკენ მოუწოდა და მხარდაჭერა გამოხატა დიალოგის მიმართ. „რუბიომ სატელეფონო საუბარში ხაზი გაუსვა დაძაბულობის შემცირების აუცილებლობას და განაცხადა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის, კომუნიკაციის წახალისებაა საჭირო,“ - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს იტოვებს, რომ ორივე ქვეყანა, დაუყოვნებლივ, შეწყვეტს ერთმანეთზე თავდასხმას და მზადყოფნას გამოთქვამს, მათ დახმარება გაუწიოს. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონს, ჯერჯერობით, შუამავლობა დაძაბულობის განსამუხტად, არ შეუთავაზებია.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის, სასაზღვრო მონაკვეთში შეიარაღებული კონფლიქტი, სულ უფრო მეტად, მწვავდება.