Loading data...
Reuters: ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ისრაელმა და პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამგვარად, მხარეები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმის პირველი ფაზის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ორივე მხარის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ეგვიპტის სანაპირო კურორტ შარმ-ელ-შეიხში არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ.

შეთანხმების თანახმად, ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ მხარეები საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტენ, ისრაელი ნაწილობრივ გაიყვანს ძალებს ღაზადან, „ჰამასი“ კი ისრაელის მიერ დაკავებული ასობით პატიმრის სანაცვლოდ, ყველა დარჩენილ მძევალს გაათავისუფლებს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე დაჯგუფების ტერორისტული თავდასხმის დროს შეიპყრეს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მისი აზრით, შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში „ხანგრძლივ მშვიდობას“ გამოიწვევს.

შეთანხმების თანახმად, ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად საკვებითა და სამედიცინო დახმარებით დატვირთულ სატვირთო მანქანებს ღაზაში შესვლის უფლება მიეცემათ. 

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უსაფრთხოების კაბინეტი შეთანხმების რატიფიცირების მიზნით, მთავრობის სრული შემადგენლობით სხდომას გამართავს. როგორც ნეთანიაჰუმ განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რატიფიკაციის შემდეგ ამოქმედდება.