Reuters: ირანს შეეძლო 9 ატომური ბომბისთვის აუცილებელი ურანი დაემალა

დასავლეთის ქვეყნებს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვთ ზუსტი მტკიცებულებები, თუ სად გაქრა 400 კგ გამდიდრებული ურანი, რაც ირანს ისრაელისა და აშშ-ის საჰაერო იერიშებამდე ჰქონდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ის დასავლეთის ქვეყნების ათობით მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსანს დაუკავშირდა. მათი თქმით, დანამდვილებით არ არის ცნობილი, მოასწრო თუ არა ირანმა სამხედრო ობიექტებიდან გამდიდრებული ურანის გატანა ირანისა და აშშ-ის ავიადარტყმებამდე. შესაბამისად, ახლა რადიაციული მასალების ძებნა ირანსა და დასავლეთს შორის „კატათაგვობანას“ თამაშს დაემსგავსება.
ატომური ენერგიის საერთაშორისოს სააგენტოს შეფასებით, 2025 წელს განხორციელებულ საჰაერო იერიშებამდე, ირანს 400 კგ ურანი ჰქონდა, რომელიც 60%-მდე იყო გამდიდრებული, ბირთვული იარაღის შესაქმნელად ურანი 90%-მდე უნდა იყოს გამდიდრებული. ეს რაოდენობა დაახლოებით 9 ატომური ბომბის შესაქმნელად საკმარისია.
„ამ რაოდენობის მცირე ნაწილიც კი დასავლეთის ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემა გახდება. თუ ირანი ამ 400 კგ ურანზე გულახდილად მოჰყვება, მაშინ პრობლემა გადაიჭრება, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ ვერავინ გაიგებს ზუსტად, თუ რა ბედი ეწია მას“, - წერს Reuters.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო იერიშებამდე ბირთვული ობიექტი ევაკუირებულები იყო, ამ ინფორმაციას ზოგიერთი მედიასაშუალებაც, მაგალითად გაზეთი Financial Times ადასტურებს. ამის შესაძლებლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უფროსმა, რაფაელ გროსიმაც არ გამორიცხა.