Reuters: ირანმა სპარსეთის ყურეში წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელებზე თავდასხმის დეტალური გეგმა შეიმუშავა
ირანმა შეიმუშავა დეტალური გეგმები სპარსეთის ყურეში წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელებზე თავდასხმისთვის იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანს კვლავ თავს დაესხმებიან, - ამის შესახებ Reuters-ს ირანის უსაფრთხოების ორმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
როგორც მედია წერს, მათი განცხადებები მოჰყვა ირანელი ოფიციალური პირების გაფრთხილებებს, რომ ვაშინგტონთან დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩაშლისა და კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, რეგიონში წყალქვეშა კაბელები შესაძლოა სამიზნე გახდეს.
ირანის უსაფრთხოების ორმა მაღალჩინოსანმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, გეგმის შესახებ მცირე დეტალები გაამჟღავნა. ისინი არ აკონკრეტებენ, თუ როგორ ან სად განახორციელებს თეირანი ასეთ თავდასხმებს.
თუმცა, ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ირანი შეეცდებოდა, თავდასხმების შემდეგ საკაბელო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ხელი შეეშალა, რათა საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის ინტერნეტკავშირის შეფერხება გაეხანგრძლივებინა.
„თუ ირანს თავს დაესხმებიან, წითელი ხაზები აღარ იარსებებს, წყალქვეშა კაბელებიდან დაწყებული სამხედრო ბაზებით დამთავრებული, მათ შორის ფარული ბაზებით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ოფიციალური პირი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ „ცეცხლთან თამაშს“ მოერიდოს და აცხადებს, რომ ირანს სრული წვდომა აქვს წყალქვეშა კაბელებზე და შეუძლია მათი მარტივად განადგურება.