Reuters: ირანი შეაჩერებს თავდასხმებს, თუ შეერთებული შტატებიც იმავეს გააკეთებს
ირანი შეაჩერებს საკუთარ თავდასხმებს, თუ შეერთებული შტატებიც იმავეს გააკეთებს, - ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის დაბომბვის კამპანია დროებით შეაჩერა. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მრჩევლებმა უთხრეს, რომ სამიზნეების რაოდენობა იწურებოდა და გამოთქვეს შეშფოთება აშშ-ის სამხედრო არსენალის შემცირების გამო.
ანონიმურობის პირობით საუბრისას ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ თეირანის პოზიცია კვლავ უცვლელია: „თავდასხმას - თავდასხმისთვის“.
„თუ თავდასხმები შეწყდება, ირანიც შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს. ეს გზავნილი უკვე გადაეცა შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნა ირანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.