Loading data...
Reuters: ევროპულ სადაზვერვო სამსახურებში სკეპტიკურად უყურებენ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე წელს მიღწევის პერსპექტივას

ევროპის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელები პესიმისტურად არიან განწყობილნი წელს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის შანსებთან დაკავშირებით. წერს „როიტერი“.

როგორც გამოცემას ხუთმა ევროპული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, რუსეთს არ სურს ომის სწრაფად დასრულება. ოთხმა მათგანმა აღნიშნა, რომ მოსკოვი აშშ-სთან მოლაპარაკებებს სანქციების შემსუბუქებისა და ბიზნესგარიგებების მისაღწევად იყენებს.

„მოლაპარაკებები, რომელთა ბოლო რაუნდი ამ კვირაში ჟენევაში გაიმართა, „მოლაპარაკებების თეატრს“ წარმოადგენს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპულმა დაზვერვის უფროსმა.

ერთ-ერთი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, „რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას არ ცდილობს და მისი მიზნები არ შეცვლილა“.

მისი თქმით, მოსკოვს სურს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანამდებობიდან გადაყენება და უკრაინის „ნეიტრალურ” ბუფერულ სახელმწიფოდ გადაქცევა.

მეორე სადაზვერვო ხელმძღვანელის თქმით კი, მთავარი პრობლემა არის, რომ რუსეთს სწრაფი მშვიდობა არც სურს და არც სჭირდება, ხოლო მისი ეკონომიკა „კოლაფსის ზღვარზე არ დგას“.

ერთ-ერთი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა სააგენტოს განუცხადა, რომ შეცდომაა გვჯეროდეს, თითქოს დონეცკის დათმობა გამოიწვევს სამშვიდობო გარიგებას.

მისი თქმით, დათმობის შემთხვევაში „ეს იქნება, შესაძლო, რეალური მოლაპარაკებების დასაწყისი“, რის შემდეგაც რუსეთი ახალ მოთხოვნებს წამოაყენებს.

ორი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, მოსკოვი ცდილობს მოლაპარაკებები ორ ნაწილად გაყოს: ერთი – ომთან დაკავშირებული, მეორე კი ამერიკასთან ორმხრივი შეთანხმებები, მათ შორის სანქციების გაუქმება.