Loading data...
Reuters: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები მოამზადა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები მოამზადა და მათ უახლოეს მომავალში გამოცხადებას გეგმავს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს

წყაროების ცნობით, სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები მომზადებულია, თუმცა მისი გამოცხადების ზუსტი დრო უცნობია. Wall Street Journal-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გადაწყვეტილება, შესაძლოა, საბოლოოდ ამ კვირაში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიიღონ.

როგორც მედია წერს,  უშუალოდ მთლიანად ორგანიზაციის და ასევე, იმ სუბიექტების მიზანში ამოღებამ, რომლებიც სასამართლოსთან თანამშრომლობენ, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს სასამართლოს საქმიანობას.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწესებული ნებისმიერი სანქცია აშშ-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს აუკრძალავს სასამართლოსთვის ფინანსური სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიწოდებას სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) შესაბამისი ნებართვის გარეშე.

მედიის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები მოითხოვენ, რომ სასამართლომ გააუქმოს ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ გაცემული დაპატიმრების ორდერები, ასევე, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წარსული გამოძიება .

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ივლისში სხვა ქვეყნებს ტრიბუნალიდან გასვლისკენ მოუწოდა. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა საერთაშორისო სასამართლოს რიგ მოსამართლეებსა და პროკურორებს, თუმცა ჯერჯერობით თავს იკავებს თავად სასამართლოსთვის სანქციების დაწესებისგან, თუმცა ეს ნაბიჯი დიდი ხანია ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.