Loading data...
Reuters: ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო, იტალიაში, სულ მცირე, 300 სკოლიდან მოსწავლეთა ევაკუაცია განხორციელდა

იტალიაში, სულ მცირე, 300 სკოლიდან მოსწავლეთა ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინებები გახდა, რომლებიც სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ გაფრთხილებას შეიცავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იტალიის განათლების მინისტრის ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, სკოლებში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებებმა მთელი ქვეყანა მოიცვა.

„ქვეყნის მასშტაბით ბომბის შესახებ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ გაცნობებთ, რომ ყველა მოსწავლე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ არიან“, - ნათქვამია რომის ერთ-ერთი სკოლის განცხადებაში.

გამოცემის წყაროს ცნობით, შეტყობინება ელექტრონული ფოსტით გავრცელდა, რომელსაც ხელს „მიხაილ ანდროპოვი“ აწერს. შეტყობინებაში „მიხაილ ანდროპოვი“ საკუთარ თავს „მიზოგინისტანის ვილაიეთის ლიდერად“ მოიხსენიებს.

მომხდართან დაკავშირებით იტალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.