Loading data...
Reuters: ბაიდენი და მაკრონი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადებას აპირებენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებენ. ამის შესახებ Reuters-ი ოთხ ლიბანელ წყაროზე დაყრდნობით წერს. 

„ჩვენ ახლოს ვართ [შეთანხმებასთან]“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ. 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დისკუსიებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ისრაელის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ისრაელის კაბინეტი „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასამტკიცებლად დღეს, 26 ნოემბერს, შეიკრიბება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელი და ლიბანი შეთანხმების ტექსტზე შეთანხმდნენ. მაგრამ ისრაელის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ დღეს ჩანიშნული კაბინეტის სხდომა ტექსტის დამტკიცებას ითვალისწინებს.

ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ელიას ბუ სააბმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ „არავითარი სერიოზული დაბრკოლება“ არ არის დარჩენილი ისრაელთან აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახორციელებლად, „თუ ნეთანიაჰუ არ გადაიფიქრებს“.

მისივე თქმით, ეს წინადადება გულისხმობს სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის სამხედროების გაყვანას და სასაზღვრო რეგიონში ლიბანის რეგულარული არმიის ჯარების განლაგებას 60 დღის განმავლობაში.

ლიბანელი მაღალჩინოსნის ცნობითვე, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს 5 ქვეყნისგან შემდგარი კომიტეტი, საფრანგეთის ჩათვლით და შეერთებული შტატების თავმჯდომარეობით.