Loading data...
Reuters: აშშ მხარს უჭერს ევროკავშირის გეგმას, გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები უკრაინაში ომის დასასრულებლად

შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის განზრახვას, უკრაინაში ომის დასასრულებლად გაყინული რუსული აქტივები გამოიყენოს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

„ვაშინგტონი აბსოლუტურად უჭერს მხარს [ევროკავშირს] და იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ის ამჟამად დგამს, რათა შეძლოს ამ აქტივების ინსტრუმენტად გამოყენება“, - განუცხადა სააგენტოს საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ ანონიმურობის პირობით.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა აკრძალეს ტრანზაქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, რითაც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის სუვერენული რუსული აქტივები გაყინეს.

ამ თანხების გამოყენების შესახებ ევროპული წინადადება ბელგიაში არსებული შეშფოთების გამო გადაიდო, სადაც მათი უმეტესობა ინახება. საერთო ჯამში, ევროპაში დაახლოებით 210 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივებია გაყინული.

გერმანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბელგიაში აეროპორტებისა და სამხედრო ბაზების თავზე დრონების ბოლოდროინდელი დაფიქსირება „მოსკოვისგან სიგნალი“ იყო, არ შეხებოდნენ გაყინულ აქტივებს. რუსეთმა ინციდენტებთან რაიმე კავშირი უარყო, მაგრამ დაჰპირდა „მტკივნეულ პასუხს“, თუ მისი აქტივების კონფისკაციას მოახდენდნენ.