Loading data...
Reuters: აშშ-მა უკრაინას განუცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას განუცხადა, რომ აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს. თუმცა ვარაუდი, რომ გარანტიების მისაღებად უკრაინა იძულებული იქნება, ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს „შეცდომაში შემყვანია“. ამის შესახებ Reuters-ი შიდა დისკუსიებთან დაკავშირებით ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ აშშ მიიჩნევს, რომ უკრაინამ ჯერ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კიევი უსაფრთხოების გარანტიებს.

ამასთან, წყარომ უარყო, რომ აშშ ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, რუსეთთან ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს. მისი თქმით, ასეთი ზეწოლის შესახებ ვარაუდი „შეცდომაში შემყვანია“.

გამოცემამ გაიხსენა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მიღებულ უსაფრთხოების გარანტიებს სამშვიდობო შეთანხმების მთავარ ელემენტად მიიჩნევს. ეს საკითხი აბუ-დაბიში წინა მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები კვირას, 1-ელ თებერვალს, იქ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი „100%-ით მზადაა“ და კიევი ახლა მისი ხელმოწერის დროსა და ადგილს ელოდება. თუმცა უკრაინელი ოფიციალური პირები არ არიან დარწმუნებულები, აიღებს თუ არა ვაშინგტონი ვალდებულებას უსაფრთხოების გარანტიების შესრულებაზე, რადგან აშშ „ყოველთვის ჩერდება, როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ხელმოწერაა შესაძლებელი“.