Reuters: აშშ-მა „ლუკოილის“ აქტივების გაყიდვის ვადა გაახანგრძლივა, რათა უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი რუსული სანქცირებული კომპანია „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვისთვის გარიგებების დადების ვადას 28 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Reuters-ი შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს წყაროების ცნობით, ეს გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს უკავშირდება, რომელშიც აშშ-ს სურს, „ლუკოილის“ აქტივები ზეწოლის იარაღად გამოიყენოს.
Ruuters-ის ცნობით, მოლაპარაკებების ბოლო რაუნდების დროს მხარეებმა რუსეთის უმსხვილესი ნავთობმწარმოებლების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“, წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების საკითხი წამოჭრეს.
მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ოქტომბერში ამ ორ კომპანიას სანქციები დაუწესა, აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა პოტენციური მყიდველებისთვის ვადა სამჯერ გაახანგრძლივა.
„ლუკოილის“ აქტივების გაყიდვას უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი აწარმოებდა, თუმცა ბოლო დროს პროცესს თეთრი სახლის, ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებიც შეუერთდნენ.
უწყებებმა არ უპასუხეს კომენტარის თხოვნას იმის შესახებ, დაკავშირებულია თუ არა გაყიდვის ვადის გახანგრძლივება სამშვიდობო მოლაპარაკებებთან.