Loading data...
Reuters: აშშ-მა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, ორგანიზაცია ირანის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა

აშშ-მა 20 აგვისტოს „ჰეზბოლას“ ახალი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ჰეზბოლა“ ხელახლა დაასანქცირა ირანის რეჟიმისთვის მომსახურების გაწევის გამო, „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის - „ყუდსის“ ძალების ხელმძღვანელობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელის შეცვლის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ „ჰეზბოლა“ მოქმედებს ირანის მთავრობის, კერძოდ კი ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის „ყუდსის“ ძალების სახელით.

„ჰეზბოლა“ 1997 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად, ხოლო 2001 წელს სპეციალურად დასახელებულ გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციად (SDGT) იქნა აღიარებული.

„ჰეზბოლა“ ლიბანში ერთდროულად პოლიტიკური პარტიაც არის და შეიარაღებული დაჯგუფებაც. სანქციების მიზანია მისი დაფინანსების ქსელების შეფერხება და სამიზნეების იზოლირება, მათ შორის აქტივების გაყინვით, ბანკებისთვის დასახელებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის აკრძალვით და საქონლის, მომსახურებისა და მატერიალური მხარდაჭერის მიწოდების შეზღუდვით.

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ახალი ზომების ნაწილს, რომელთა მიღებასაც აშშ უკვე დაჰპირდა.